ჩვენი რესტორნის ფოტოები

best-georgian-restaurant
best-georgian-restaurant-in-tbilisi

გვესტუმრეთ

თბილისი, მ.კოსტავას 3

მოგვწერეთ

[email protected]

ჩვენი რესტორანი

მე და სარესტორნო სფერო ადრეულ ასაკშივე დავმეგობრდით, როცა სტუდენტობის პერიოდში გაჩენილი მცირე შესაძლებლობებით უდიდესი გამოცდილება მივიღე და სარესტორნო ინდუსტრიაც უკეთ გავიცანი.

მომხმარებლის როლში ყოფნისას მუდმივად მაინტერესებდა თუ რა იყო ის, რაც განსაკუთრებით სიამოვნებდა სტუმარს ქართულ რესტორანში მისვლისას. ამაზე პასუხი, მგონია, რომ უგემრიელესი ტრადიციული კერძები, გემოვნებიანი მუსიკა, დახვეწილი სარესტორნო მომსახურება და საყვარელ ადამიანებთან ერთად დასამახსოვრებელი დროის გატარებაა. მე, როგორც მომხმარებელს, სულ მქონდა გამორჩეული ინტერესი ნებისმიერი დეტალის მიმართაც კი, რაც საკვებ ობიექტს განსაკუთრებულს ხდიდა. ზუსტად ამ ინტერესის დამსახურება იყო ის, რომ საკუთარი რესტორნის გახსნა ჩემს მიზნად იქცა, მაგრამ ეს იდეა ბიუჯეტური სტუდენტის გადმოსახედიდან ძალიან არარეალურად ჟღერდა.

ამ “ოცნების“ გაჩენამდე რამდენიმე უმნიშნველოვანესი გამოცდილება მივიღე. ესტონეთში სწავლისას, სხვა ნებისმიერი სტუდენტის მსგავსად, ჩემი ფინანსური მდგომარეობა არც ისე სახარბიელო იყო, რის გამოც მუშაობა ტალინის ცენტრში, “მაკდონალდსში“, დამლაგებლად გადავწყვიტე. დატვირთული სამუშაო გრაფიკისა და მძიმე შრომის მიუხედავად, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო სარესტორნო ბიზნესთან დაახლოებისათვის, თუმცა ჯერ კიდევ დიდი გზა მქონდა გასავლელი.

დასახული მიზნის მისაღწევად გადავწყვიტე,რომ  შემომევლო ქალაქის ყველა რესტორანი მანამ, სანამ სამზარეულოში არ დავიწყებდი მუშაობას. ხუთ დღიანი ძებნის შემდეგ არაბული რესტორნის სამზარეულოში ჭურჭლის მრეცხავად ამიყვანეს, ორ თვიანი მუშაობის შემდეგ კი მოხდა ისე, რომ მზარეულის დამხმარე შეუძლოდ გახდა და მე დამავალეს ისეთი მნიშვნელოვანი საქმის შესრულება, როგორიც ხახვის გაფრცქვნაა. 😊 ამ მცირედმა უზომოდ გამაბედნიერა, რის შემდეგაც სამი თვე მზარეულის დამხმარედ ვიმუშავე. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მაშინ ვგრძნობდი, როცა მზარეულის დასვენების დღეს სამზარეულოს მე ვუძღვებოდი. მოგვიანებით, ქალაქის ცენტრალურ რესტორანში ბარმენობაც შევითავსე, რაც ჩემი მოწოდება ნამდვილად არ იყო, თუმცა უამრავი რამ ვისწავლე. ამდენმა მუშაობამ უფრო დამაფასებინა სარესტორნო სფეროში დასაქმებული თითოეული ადამიანის შრომა და მივხვდი ერთს, რომ არ აქვს მნიშვნელობა საიდან იწყებ, მთავარია რამდენად მოინდომებ, რადგან ყველაფერი მიღწევადია!

ესტონეთში მიღებული გამოცდილების დამსახურებით საოცნებო საქმიანობას კიდევ ერთი ნაბიჯით დავუახლოვდი და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მიზანი სწორად მქონდა არჩეული.

ამის შემდეგ დრო დადგა კარიერა თბილისში გამეგრძელებინა, სადაც ჩემი ახალი მთავარი მოტივატორი ჩემი ოჯახი გახდა – დავოჯახდი, ულამაზესი ცოლი შევირთე და ორი არაჩვეულებრივი ქალბატონიც გაგვიჩნდა. ჩემი მეუღლის ოჯახმა თავიანთი ძველი “ნარესტორნალი“ ფართის მართვა შემომთავაზა, საიდანაც იწყება ჩემი ოცნებისთვის ფრთების შესხმაც.

როგორ შეიძლება გახდე წარმატებული საქმის დაწყებამდე?!

ბევრის აზრით, კარგი პარტნიორი ის ადამიანია, რომელსაც ფინანსები აქვს ინვესტიციისთვის, დიდი სანაცნობო წრე ჰყავს ან დიდი გამოცდილება აქვს კონკრეტულ სფეროში. ჩემი ღრმა რწმენით, ეს ასე არ არის. ვფიქრობ, რომ სწორი პარტნიორი სულ სხვა კაცია – ეს ის ადამიანია, რომელიც შენ მსგავსად მიისწრაფვის დასახული მიზნისაკენ. “growth mindset” არის ის განსაკუთრებული უნარი, რომელიც სწორ პარტნიორს უნდა გააჩნდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანისათვის სწავლა და ახალ გარემოსთან ადაპტირება მარტივ საკითხს წარმოადგენს, მისთვის მუდმივი განვითარება უდიდესი პრიორიტეტია. სწორ პარტნიორს უნდა შეეძლოს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რადგან შენი არ ყოფნის შემთხვევაში არსებულ გამოწვევებს სწორად მიუდგეს და გაუმკლავდეს.

ვფიქრობ, წარმატებული პარტნიორობა სწორი კომუნიკაციის უნარზე დგას, ამიტომ შეარჩიეთ ისეთი ადამიანი, რომელსაც ეს უნარი გააჩნია. ამაზე უამრავი რამაა დამოკიდებული, დაწყებული სტაფის მუშაობის ხარისხიდან დამთავრებული საქმის მიმართ არსებული დამოკიდებულებით.

ნდობა – ადამიანურ ურთიერთობებში ნდობაზე უფრო მნიშვნელოვანი დამოკიდებულება არ არსებობს.

ვფიქრობ, რომ თუ თქვენს პოტენციულ ან უკვე არსებულ პარტნიორს ეს თვისებები და უნარები გააჩნია, მაშინ გამოდის, რომ თქვენ საქმის დაწყებამდე წარმატებას უკვე მიაღწიეთ.

ჩვენ საზოგადოების იმ ნაწილს მივეკუთვნებით, რომლის პოზიციიდანაც წარმატება ძალიან რთულად მისაღწევია. დაწყებისას ხელში მხოლოდ ხუთი ათასი დოლარი და “ნარესტორნალი“ ფართი გვქონდა და წარმატების პერსპექტივა ფაქტობრივად არ ჩანდა.

ყველაზე დიდი დემოტივატორი გამვლელ-გამომვლელების დამცინავი მზერა და საკუთარი ოჯახის წევრებისა და ახლობლების დაღვრემილი, მოწყენილი სახეები იყო, თითქოს მათ წინასწარ უკვე იცოდნენ, რომ მარცხისთვის ვიყავით განწირულები. ის, რამაც საქმე ბოლომდე მიგვაყვანინა, ორი ადამიანის ოცნება გახდა; ოცნება, რომელიც ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი იყო იმ მომენტში.


 არ აქვს მნიშვნელობა როგორ გარემოში ცხოვრობ ან როგორი ადამიანები არიან შენს გარშემო, როდესაც თავდაუზოგავად შრომობ და იბრძვი მიზნის მისაღწევად, დაიჯერე, რომ ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც დაინახავს შენს პოტენციალს, დააფასებს შენს მცდელობებს და დაიჯერებს შენს ოცნებებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ 1000$ საწყისი თანხის ქონის შემთხვევაშიც კი, ჩვენ აქამდე აუცილებლად მოვიდოდით.

საქართველოს თითოეული კუთხე გამოირჩევა თავისი სახასიათო კერძებით, რაც ქართულ სამზარეულოს განსაკუთრებულს ხდის, ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ “Bread and Wine” კონცეფციას გაეერთიანებინა თითოეული რეგიონი ნაკლებად ცნობილი თუ პოპულარული კერძების წინა პლანზე წამოწევით, რითაც სტუმრის გაოცებასაც მოვახერხებდით. მარტივად რომ ვთქვა, რესტორანი სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის გამორჩეულ კერძებს სთავაზობს.

ჩვენი მთავარი მიზანი რესტორნის კონცეფციის ჩამოყალიბებისას გამოკვეთილად განისაზღვრა: შეგვექმნა ისეთი გარემო, სადაც მოხვედრის შემთხვევაშიც სტუმარი ძველ საქართველოში იმოგზაურებდა. სწორედ ამიტომ, რესტორნის მენიუში არსებული უგემრიელესი კერძები ძველი ტექნოლოგიით, ჩვენი წინაპრების რეცეპტებით შევქმენით. სასმელების მენიუშიც ანალოგიურად, უცხოური სასმელების ნაცვლად მხოლოდ ნამდვილ, ქართულ, ავთენტურ ღვინოსა და ჭაჭას იპოვით.

რესტორნის ინტერიერს რაც შეეხება, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო დიზაინისთვის თავიდანვე სრულყოფილი სახე მიგვეცა. ძველი ქართული რეალობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ხესა და ბუნებრივ მასალებზე გაგვეკეთებინა აქცენტი, რადგან წარსულში სახლების მოწყობისა და მოპირკეთებისათვის, ძირითად შემთხვევაში, სწორედ ამ მასალებს გამოიყენებდნენ. ასეთი გადაწყვეტილება, ვფიქრობ, სულაც არ იყო მოულოდნელი, რადგან “Bread and Wine” კონცეფციიდან გამომდინარე, ინტერიერი ძველი ქართული სახლების ანალოგიური უნდა გაგვეხადა.

მაშასადამე, “Bread and Wine” კონცეფცია დავიწყებული კავკასიური ემოციების გამოღვიძებას ემსახურება, რაც ადგილობრივებისა და ჩამოსული სტუმრებისთვის თანაბრად დაუვიწყარი.

საქმიანობის დაწყებისას ჩვენი ამბიციები მწვერვალებს აღწევდა, როგორც ეს ორ ახალგაზრდას შეეფერება, თუმცა წარმატების მისაღწევად მხოლოდ ერთი გზა – დაუღალავი შრომა და საქმიანობის ნებისმიერ სექტორში 100%-იანი ჩართულობა იყო.

ხუთი ათას დოლარიანი ბიუჯეტის გამო, რომელიც სრულად დაიხარჯა სამზარეულოს მოწესრიგება-მოწყობაზე, წარმოუდგენელი იყო კომპანიის გაპიარებისა და რეკლამისთვის ცალკე ფინანსების გამოყოფა. ამიტომ, უნდა გვეპოვა სხვა გზა, რომელიც სტუმარს მოიზიდავდა და მათ ჩვენს ერთგულ მომხმარებლად აქცევდა.

მივხვდით, რომ ამაში უმნიშვნელოვანესი როლის თამაში მიმტანის პოზიციას შეეძლო – ვცდილობდით ჩვენი მონდომება და ემოცია მთლიანად გადაგვეცა სტუმრებისთვის, რამაც ნამდვილად გაამართლა. ამ მიდგომის წყალობით გაჩნდა პერსპექტივა, დამატებითი ფინანსებისა და პიარ-ტექნოლოგიების გვერდის ავლით მიგვეღწია დასახული მიზნისთვის.

ჩვენმა მონდომებამ, დროთა განმავლობაში, შედეგი გამოიღო, რადგან, როგორც აღმოჩნდა, უცხოელი სტუმრები ჩვენს შესახებ ინტერნეტ სივრცეში ძალიან ბევრს წერდნენ. არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც სტუმარმა გვითხრა, რომ “Bread and Wine” საძიებო სისტემაში 10 საუკეთესო რესტორანს შორის იყო შესული და სწორედ ამიტომ გვეწვია. ამ სრულად მოულოდნელმა ამბავმა ჩემზე უდიდესი გავლენა იქონია, რამაც გადაგვაწყვეტინა, რომ საჭირო იყო მეტის გაგება, რადგან ბევრი რამ ჩვენგან დამოუკიდებლად ხდებოდა.

ცოტა წარმოუდგენელია, მაგრამ 21-ე საუკუნეში ორმა ახალგაზრდამ ისე გავატარეთ მთელი ცხოვრება, რომ არანაირი შეხება არ გვქონია ციფრულ მარკეტინგთან, რომელიც უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა.

პირველი ორი პლატფორმა, რომლებზე დარეგისტრირებაც გადავწყვიტეთ TripAdvisor და Google-ს ერთ-ერთი Tool – Google My Business იყო. სწორედ აქ ავიღეთ კონტროლის “სადავეები“ ხელში, რადგან ციფრული მარკეტინგის წყალობით შენი წარმატების გაზომვა და საკუთარი თავის შემოწმება მუდმივად შეგიძლია. რეალურ დამოკიდებულებას შენი ბიზნესის მიმართ სწორედ აქ გაიგებ, როგორ აღიქვამს საზოგადოება შენს გუნდთან ერთად გაწეულ შრომას და რას ფიქრობენ შენზე.

ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ საფუძვლიანად შეგვესწავლა ეს სფერო, რათა გავრკვეულიყავით ჩვენს რეალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებში.

საბოლოოდ შევძელით ის, რომ Google-ს, Facebook-ისა და სხვა საერთაშორისო პლატფორმების სერტიფიცირებული სპეციალისტები გავხდით, რის შემდეგაც კონსულტაციისა და სხვა სერვისების შეთავაზება დავიწყეთ კომპანიებისთვის.

როდესაც გაქვს პრეტენზია იყო წარმატებული, აუცილებელია, რომ პროფესიონალიზმი საქმიანობის ნებისმიერ დარგში წინა პლანზე იყოს წამოწეული. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას, რა თქმა უნდა, სამზარეულოს დაკომპლექტებას ვუთმობთ. აუცილებელი მოთხოვნები, რაც სამზარეულოს თანამშრომლებისთვის განვსაზღვრეთ, კონკრეტულ სპეციალიზაციაში მაღალი კვალიფიკაცია, გამოცდილება და საქმის მიმართ სერიოზული დამოკიდებულებაა.

აუცილებელია თითოეულ თანამშრომელს თავიდანვე ჰქონდეს გააზრებული თუ რა იდეის მატარებელია ჩვენი კომპანია, რას ვემსახურებით და რა მიზნისკენ ვისწრაფვით.

იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ვიზიტორების უმეტესობას უცხოელები წარმოადგენენ, თითოეული თანამშრომელი ელჩის ფუნქციებს ითვისებს, რადგან სტუმარს ჩვენთან ურთიერთობის შედეგად უყალიბდება გარკვეული წარმოდგენა საქართველოს კულტურასა და ხალხზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყანა შესაბამისად წარვადგინოთ. იყო შენი სამშობლოს წარმომადგენელი, უდიდესი პასუხისმგებლობაა და დახვეწილ დისციპლინას მოითხოვს, ამიტომ თითოეულ თანამშრომელს უნდა ესმოდეს თავისი როლი სტუმართან ურთიერთობისას. ქვეყნის ღირსეულად წარდგენაში მონაწილეობისათვის აუცილებელია თანამშრომლებში დოზირებული პატრიოტიზმი გაღვივება.

ჩვენ ჩვენს ქვეყანას წარვადგენთ!

სამუშაო ატმოსფერო ჩვენთან ოჯახურია, რაც შეუმჩნეველი არ რჩება სტუმრების მხრიდანაც. ასეთი ურთიერთობების შენარჩუნება არა მმართველის დადგენილი დისციპლინის დაცვას, არამედ იდეის მსახურებას შეუძლია.

უცხოელი სტუმარი, ადგილობრივ ვიზიტორთან შედარებით, განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. ტურისტი განსაკუთრებით მონდომებულია მიიღოს ახალი ინფორმაცია და კომუნიკაცია დაამყაროს თანამშრომლებთან. ქართული ღვინისა და კერძების დაგემოვნების გარდა, მას სურს საუბარი და იმის გაზიარება, თუ რა ნახა შენთან მოსვლამდე, რა დაათვალიერა, ახალი რა გაიგო; ის ცდილობს საკუთარი ემოციები ყველას გაუზიაროს.

უცხოელი სტუმარი მოელის, რომ რესტორანში ყოფნისას შენი სახით შეიძინოს გულწრფელი მეგობარი, რომლისგანაც მოისმენს რჩევას, თუ სად უნდა წავიდეს, რა უნდა ნახოს, რა უნდა გააკეთოს საქართველოში ყოფნიისას. შედეგად მისი მოგზაურობა წარმატებული და დადებითი ემოციებით სავსე იქნება.

ჩვენს თითოეულ თანამშრომელს ქართული სტუმართმოყვარეობა ახასიათებს, რის გამოც სტუმრების სახით მეგობრების გაჩენა და მათი ნდობის მოპოვება ჩვენთვის სირთულეს არ წარმოადგენს.

ასეთი მომსახურება დიდ კონცენტრაციას, შრომას და ფსიქოლოგიურ მზაობას მოითხოვს, თუმცა ფაქტია, რომ “Bread and Wine”-ს წარმატებაში ამ მიდგომამ უდიდესი როლი ითამაშა.

სარესტორნო ბიზნესში პროდუქტის ხარისხი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ჩვენს შემთხვევაში, მისი სწორი შერჩევა მთლიანად შეფის გამოცდილებაზე იყო დამოკიდებული, რადგან თავდაპირველად პროდუქტების შესაძენად შეფთან ერთად დავდიოდით.

 

თუმცა, მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი ვერ განაპირობებს კერძის სიგემრიელეს. უმნიშვნელოვანესია მისი სწორი დამუშავება და შენახვა. აქედან გამომდინარე, სამზარეულოს საქმიანობა ოთხ ძირითად პუნქტად დავყავით: პროდუქტის შერჩევა, მისი დამუშავება, სწორი შენახვა და შესაბამისი ტექნოლოგიით მომზადება.

 

განსაკუთრებული ყურადღება მინდა კერძის მომზადებაზე გავამახვილო. ჩვენ, მოგეხსენებათ, ქართულ სამზარეულოს წარმოვადგენთ, რაც გარკვეულ ჩარჩოში გვსვამს იდეურად, რადგან არ შეიძლება კერძს ის ფუძე დავუკარგოთ, რომელზეც ჩვენი წინაპრები მუშაობდნენ.

თუმცა, მეორე მხრივ, ახალი ტექნოლოგიებისა და ციფრული სამყაროს მეშვეობით გაგვიჩნდა შესაძლებლობა, შეგვესწავლა მომზადების ახალი ტექნოლოგიები და გაგვემრავალფეროვნებინა ჩვენი კერძები.

ამ ყველაფრის გათვალისინებით, “Bread and Wine”-ს სამზარეულო ძირძველი ქართული კულინარიის ფესვებსა და გემოვნურ თვისებებზე დგას, თუმცა შესაფერისი ახალი ტექნოლოგიებისა და ტრენდების გამოყენება ჩვენთვის ამდენადვე მნიშვნელოვანია.

 

სამზარეულო მუდმივ ცვლილებებს საჭიროებს. აუცილებელია კერძების მუდმივი განახლება, გემოების გამრავალფეროვნება, ახალი კერძების დამატება, განსხვავებული ვიზუალის მორგება და მისი მომხმარებლისთვის შეთავაზება.

ამდენადვე მნიშვნელოვანია რესტორნის ინტერიერის განახლება, თუნდაც ეს დეტალების ცვლილების ხარჯზე მოხდეს. ერთგული სტუმრები ამას აუცილებლად შეამჩნევენ, რაც მათში წლიდან წლამდე სიხალისეს აჩენს. ვიზიტორები განსაკუთრებით კარგად აღიქვამენ შენ განვითარებასა და წინ გადადგმულ ნაბიჯებს. ინტერიერის ცვლილებები თანამშრომლებს განსაკუთრებით უყვართ, რადგან ერთფეროვნება, დროთა განმავლობაში, მათთვის ძალიან დამღლელლი ხდება.

მომდევნო საკითხად ციფრულ ტექნოლოგიებს დავაყენებდი. ეს სფერო მუდამ ვითარდება, რაც ჩვენც გვიზრდის შესაძლებლობებს. ტურიზმის სფეროში, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ბიზნესი ვალდებულია ფეხი აუწყოს ციფრული ტექნოლოგიების სიახლეებს, რაც აუცილებლად დადებითად აისახება მათ წარმატებაზე.

პიროვნული ზრდა – წარმოუდგენელია ბიზნესის განვითარება, თუ შენ თავად არ ვითარდები პიროვნულად. პიროვნული განვითარება და მეტი ცოდნა ბიზნესზე, მიდგომებსა და ხედვაზე პირდაპირ აისახება. სარესტორნო ბიზნესის წარმატებულობისათვის აუცილებელია რამდენიმე მიმართულებაში ცოდნის ქონა. ამაში იმას არ ვგულისხმობ, რომ ყველაფერი თავად უნდა აკეთო. მრავლისმომცველი ცოდნა აფართოებს შენს ხედვას, ზრდის შესაძლებლობებსა და მოქმედების არეალს. როდესაც კარგი გუნდი გყავს, აუცილებელია, რომ შენ, როგორც ლიდერს გქონდეს სწორი ხედვა და ზუსტად იცოდე, თუ საით მიდიხარ.

ჩვენი რესტორნის პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არა მხოლოდ კერძს, არამედ იდეას ვყიდით. ამის გამო, მუდამ მიგვაჩნდა, რომ თუ ადამიანს გემრიელად მირთმევა სურს, მაშინ აუცილებელია ის ჩვენთან მოვიდეს და ბოლომდე გაიაზროს თუ რა არის “Bread and Wine”. ეს შეხედულება მცდარი აღმოჩნდა.

დღევანდელი მდგომარეობა არ გაპატიებს ტექნოლოგიების უგუვებელყოფას და ახლის მიუღებლობას. თუ მაინც ასე მოიქცევი, აუცილებლად დამარცხდები. უნდა შეძლო, რომ იდეის დაუკარგავად მიიტანო სტუმართან კერძი. ამაში კვლავ ჩვენი ციფრული მარკეტინგის ცოდნა დაგვეხმარა.

გადავწყვიტეთ მოქმედება და მიტანის სერვისისთვის Wolt-ის პლატფორმა ავირჩიეთ, რადგან ჩვენი შეხედულებით, სხვა სერვისებთან შედარებით, ის მეტად არის მომხმარებელზე ორიენტირებული.

ამ გზით გავიტანეთ თავი კარანტინის პირობებში. საზღვრების გახსნის დროც მოვიდა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ამხელა დროის გასვლასთან ერთად “Bread and Wine”-ც დავიწყებას მიეცემოდა და მსოფლიოში არსებული მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, არც უცხოეული ვიზიტორი იქნებოდა სტუმრობის განწყობაზე.

საზღვრების გახსნის შემდეგ, ყოველდღიურად სოციალურ ქსელებსა და საძიებო სისტემებში უარყოფითი კომენტარები იწერებოდა განაწყენებული სტუმრების მხრიდან, რადგან მათ “Bread and Wine”-ში სურდათ დროის გატარება, ჩვენ კი ისევ დაკეტილები ვიყავით. აქ მივხვდით, რომ საჭირო იყო უსწრაფესი მობილიზება და რესტორნის გახსნა, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. დავიწყეთ როგორც ადამიანური რესურსის, ისე ფინანსების ხელახალი მოძიება.

თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ გახსნიდან მესამე თვეში, ოქტომბერში, 2019 წლის ოქტომბრის ფინანსურ ნიშნულსაც გავუსწარით.

ეს ყველაფერი კი იმის დასტურია, რომ იდეაზე დაყრდნობილი საქმიანობა ადამიანების გულებში რჩება და იქედან ადგილს არ მოიცვლის!

Facebook
Twitter
LinkedIn
VK
Telegram